ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებულ 14-დღიან პატიმრობას აპროტესტებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში "RICDOG"-ის  თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ადამიანის დაპატიმრება საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს და ეს იგივეა, რაც ხვალ საჯარო სივრცეში ნათქვამი სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრება. კოხრეიძის თქმით, ეს პროცესი ვირტუალური სამყაროდან მალე რეალურშიც გადმოინაცვლებს და შეეხება ყველაფერს, რაც მოქმედ რეჟიმს არ მოეწონება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს მოვლენები 2023 წელს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის კანონზომიერი გაგრძელებაა, რადგან ავტორიტარული სისტემა ჯერ ორგანიზაციებს ებრძვის, შემდგომ კი ინდივიდებზე გადადის. იგი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის და ხელისუფლებას უპირობო კონტროლს ანიჭებს, განწირულია რეპრესირებისთვის, ხოლო ქვეყანაში არსებული გაჭირვება სწორედ ასეთი სახელმწიფო მოდელის შედეგია.

"14-დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელებში პოსტის გამო, ეს იგივეა, რაც ხვალ სადმე საჯარო სივრცეში ნათქვამი სიტყვისთვის იგივე ზომის სასჯელი მოგისაჯონ. ვირტუალური სამყაროდან მალე რეალურ სამყაროშიც გადმოინაცვლებს ეს უბედურება და შეეხება ნებისმიერ რაიმეს, რაც რეჟიმს არ მოეწონება. დასმენების სისტემის წინაპირობა და ისტორიული გამოცდილებაც დიდი გვაქვს. 

საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც. 

ჯერ კიდევ 2023 წელს, როცა გამჭვირვალობისთვის მებრძოლი დეპუტატები იღებდნენ კანონს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, უკვე მაშინ ვიცოდი რომ ამ რეპრესიული კანონების დასაწყისს აუცილებლად ასეთი გაგრძელება მოჰყვებოდა. არა იმიტომ რომ ჭკვიანი ვარ, არამედ ეს ჟანრის კლასიკაა. ჯერ ებრძვიან ორგანიზაციებს და მერე გადადიან ინდივიდებზე. 

ერთი კი უნდა ითქვას, კორუფციისთვის, უცხო ქვეყნების მსახურებისთვის (ეგრეწოდებული დიფსტეითთან თანამშრომლობის) ბრალდებით ისევ "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნები და მათთან დაკავშირებული ბიზნესს წრეები ვიხილეთ დაპატიმრებული, თორემ სად არიან ის ვითომ "უცხო აგენტები", რომლის გამოც 3 ერთმანეთზე უარესი კანონი შემოიღეს და მოკლეს სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი ნაწილის არსებობა ამ ქვეყანაში?! 

საზოგადოება, რომელიც იტყუებს თავს, რომ მთავრობა მართალია, ანიჭებს მას შეუმოწმებლად, კონტროლის გარეშე, ერთ ადამიანს ანდობს მთელი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას და დემოკრატიის დაცვას განწირულია იყოს რეპრესირებული. 

რეპრესია უბედური რამაა, როგორც მისი გამომგონებელი ადამიანი. მადა ჭამაში მოდის. ერთხელ, დუმბაძის გმირის არ იყოს, შუბლის ძარღვი რომ გაგისკდება, მერე აღარაფერი გაჩერებს. რომ შეხედა კანონი გადაყლაპეთ, დაჭერები გადაყლაპეთ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია გაშალა ხელები და რაც უნდა იმას აკეთებს. როდესაც შეარჩინეთ მათ რეპრესიული კანონების მიღება! შეარჩინეთ საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება სამსახურიდან! შეარჩინეთ კონსტიტუციის ჭრა-კერვა და საკუთარ ინტერესებზე მორგება!
შეარჩინეთ ახალგაზრდების, საზოგადო მოღვაწეების დაპატიმრება! შეარჩინეთ მზია ამაღლობელის ციხეში გაშვება!
შეარჩინეთ 60-მდე სინდისის პატიმრის ციხეში ყოფნა! შეარჩინეთ სინდისის პატიმრების მშობლების შეურაცხყოფა და თავადაც ემპათია დაცლილი კიდევ მათ ადანაშაულებთ! შეარჩინეთ სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ჯარიმები! შეარჩინეთ რომ ყველა ნაბიჯზე გატყუებენ იქნება ეს ომი, დიფსტეიტთან ბრძოლის თუ ოპოზიციის ლანძღვის თემები!

რისი მოლოდინი გაქვთ მომავალში? ვინ გსურთ, რომ გიხსნათ? ვინ უნდა შეეწიროს თქვენს გამო რაიმეს?
რატომ უნდა იბრძოლოს თქვენი უფლებებისთვის სულ სხვამ? ეს ქვეყანა მარტო ერთეულებისაა?

გაჭირვება ასეთი სახელმწიფოს მოდელის შედეგია და არა მიზეზი იმისა თუ რატომ არ გცალიათ იბრძოლოთ თქვენი, ჩვენი და მოქალაქის უფლებებისთვის, როცა მთავრობამ იკისრა ყველას ჩვენს ნაცვლად როლები: თავად მთავრობაა, თავადაც მოქალაქეა და თავადაც მსაჯულია. ჩვენ ვართ არაფერი. სავაჭრო სუბიექტები, თუ რაიმე ფასი გაგვაჩნია ამ ქვეყნად. რად იქცა ჩვენი ქვეყანა! არაფერია იმაზე მწარე როგორც იმის გააზრება, რომ ირგვლივ შეიძლება იყვნენ გულგრილი მოქალაქეები", - წერს ნუგზარ კოხრეიძე.